პჯრ ფართოდ გამოიყენება კლინიკური ნიმუშების ანალიზისთვის, ისეთი ინფექციური აგენტების დეტექციისთვის, როგორიცაა HIV, ჰეპატიტები, ადამიანის პაპილომა ვირუსი, ეპშტეინ ბარის ვირუსი, მალარიის და ჯილეხის გამომწვევი პათოგენები. პჯრ-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს HIV -ის ადრეული დეტექციისთვის, ვინაიდან ვირუსის დნმ-ის დეტექცია შესაძლებელია ორგანიზმის ინფიცირებისთანავე, განსხვავებით იმუნოლოგიური მეთოდებისგან, რომელთა საშუალებით ანტისხეულების დეტექცია შესაძელებლია ინფიცირებიდან კვირების და თვეების გასვლის შემდეგ. პჯრ შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნას, ვირუსული ინფექციის სიმძიმის შესაფასებლად, რასაც დიაგნოსტიკისა და პროგნოზისთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.
მალარიის ტრადიციული დიაგნოსტიკა ხორციელდება მალარიის პლაზმოდიუმის (Plasmodium falcipurum) დეტექციით, სისხლის მიკროსკოპიული გამოკვლევით. აღნიშნულ შემთხვევაში პჯრ-ის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს არა მარტო არსებობა, არამედ განისაზღვროს მისი გენოტიპი და შეირჩეს პრეპარატი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დაავადების ეფექტური მკურნალობა. ინფექციური აგენტის ტიპის დადგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შერეული ინფექციებისას.
სიმსივნის კლინიკურ დიაგნოსტიკაში პჯრ მეთოდი იძლევა მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას პაციენტების პროგნოზისა და მათი რეზისტენტობის შესახებ თერაპიის ამა თუ იმ ტიპის მიმართ. სიმსვნეთა მრავალი ტიპი ხასიათდება წერტილოვანი მუტაციებით სხვადასხვა გენში, რომელთა იდენტიფიკაცია შესაძლებელია აღნიშნული მეთოდით. მაგალითად, ლეიკემიების განვითარების მიზეზი ძირითადად ქრომოსომული უბნების ტრანსლოკაციებია, რომლის შედეგადაც უჯრედები უკონტროლოდ იწყებენ პროლიფერაციას და ითრგუნება მათი გენეტიკურად პროგრამირებული სიკვდილი (აპოპტოზი). დაავადების დიაგნოსტირებისთვის ხშირად ტარდება ციტოგენეტიკური კვლევა ფილადელფიური ქრომოსომის გამოსაკვლევად. თუმცა აღსანიშნავია, რომ დაავადების საწყის ეტაპზე ფილადელფიურ ქრომოსომას ბევრი უჯრედი არ შეიცავს, რის გამოც მისი იდენტიფიცირება განვითარების ადრეულ სტადიაზე შეუძლებელია. ლეიკემიების გამოვლენა მათი განვითარების ადრეულ სტადიებზე შესაძლებელია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით.
აღსანიშნავია პჯრ მეთოდის გამოყენება გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, როგორიცაა ცისტური ფიბროზი, თრომბოფილიები, ნამგლისებურ უჯრედოვანი ანემია, ფენიკლკეტონურია, კუნთოვანი დისტროფიები. ამავე მეთოდით შესაძლებელია ნაყოფის სქესის და მისი რეზუს (Rh) სტატუსის დადგენა ორსულობის მე-10 კვირაზე.
პჯრ მეთოდი გამოიყენება როგორც კაპილარული ელექტროფორეზის, ასევე შემდეგი თაობის სევქნირების ნიმუშების მომზადების ეტაპებზე.
პჯრ მეთოდის პრინციპი – ექსტრაქციის ეტაპი
ანალიზის განხორციელების პირველ ეტაპზე საჭიროა დნმ-ის (ან რნმ-ის) გამოყოფა ნიმუშიდან, რისთვისაც შემოთავაზებულია მზა ნაკრებები ნუკლეინის მჟავების ექსტრაქციისთვის. ექსტაქციის ეტაპი მოიცავს რამოდენიმე საფეხურს: ნიმუშში (ქსოვილი, შრატი, სისხლი, შარდი, ნაცხი და ა.შ.) არსებული ცილების ლიზისი, მათი მოცილება გამრეცხი ბუფერების საშუალებით, სუფთა ნუკლეინის მჟავების მიღება ელუციის ეტაპზე.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.